ხაბადი — ფილოსოფიური მოძღვრება, საზოგადოებრივი მოძრაობა და რელიგიური ორგანიზაციაა. ხაბადი ივრითული სიტყვების חָכְמָה, בִּינָה, דַּעַת „სიბრძნე, გაგება, ცოდნა“ — აბრევიატურაა. როგორც ხასიდიზმის მიმართულება, ჩამოყალიბდა რებე შნეურ ზალმანის მიერ 1772 წელს. ხასიდური სწავლება ცხადყოფს თორის სიბრძნის უმაღლეს საფეხურებს, უბიძგებს ადამიანის გონებას გაიგოს შემოქმედი, გაიაზროს სამყაროს შექმნის მიზნები, თითოეული ადამიანის არსი და განსაკუთრებული მისია. ხაბადი ასწავლის ადამიანს, შეამოწმოს თავისი ყველა მოქმედება და გრძნობა სიბრძნით, გაგებითა და ცოდნით. ხაბადის ბოლო ლიდერის, მენახემ-მენდელ შნეერსონის (1902-1994) თავდაუზოგავი შრომით იუდაიზმის სწავლება ფართოდ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში (მათ შორის, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებშიც), სადაც შეიქმნა და განვითარდა ებრაული თემები. ხაბადი ითვლება ყველაზე დინამიურ და გავლენიან ძალად თანამედროვე ებრაულ სამყაროში.
რას ნიშნავს ,,რაბი" (,,რებე")?
רבי სიტყვების — ר - როშ, ב - ბნეი, י - ისრაელ — აბრევიატურაა. ,,როშ ბნეი ისრაელ" - ,,ისრაელის შვილების თავი“ და ამით ყველაფერია ნათქვამი. ყოველ თაობაში არის ერთი სულიერი ლიდერი, რომელიც გრძნობს თითოეულ ებრაელს და წარმართავს ებრაელ ხალხს.
მეშვიდე ლუბავიჩელი რებე - მენახემ მენდელ შნეერსონი ითვლება თანამედროვე ეპოქის ყველაზე ფენომენალურ ებრაელ სულიერ ლიდერად და მოაზროვნედ. მენახემ მენდელ შნეერსონის სახელს უკავშირდება ასობით გამოქვეყნებული ტომი, ათასობით დესპანი მთელ მსოფლიოში, ხოლო ასობით ათასი მიმდევარისთვის, მილიონობით მხარდამჭერისა და თაყვანისმცემლისთვის ის იყო, არის და იქნება რებე. იგი არის მასწავლებელი, ლიდერი და სამაგალითო პიროვნება, ადამიანი, რომლის ძალისხმევითაც აღზევდა თაობის სინდისი და დაიწყო ებრაელთა სულიერი გამოღვიძება. ხელმძღვანელობის პერიოდში რაბი მენახემ-მენდელ შნეერსონმა შეძლო უფრო მეტი ადამიანის დაახლოება იუდაიზმთან, ვიდრე თანამედროვე თაობის ერთად აღებულმა ყველა რელიგიურმა ლიდერმა. მისი მეთოდები იყო სრულიად ინოვაციური და აქამდე არნახული. შედეგის მისაღწევად რებე იყენებდა ყველა შესაძლებლობას: ტექნოლოგიებს, პრესას, სოციალურ გავლენას. მან ხასიდური მოძრაობა გადააქცია ძლიერ ძალად, რომელსაც გრძნობს მილიონობით ადამიანი. უდიდესი სიბრძნისა და ადამიანური თვისებების გამო მენახემ მენდელ შნეერსონს რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ადამიანი სტუმრობდა, როგორც ებრაელი, ისე არაებრაელი, მათ შორის ბევრი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი და ცნობილი პიროვნება.
რებემ შექმნა ხაბადის ფილიალების უპრეცედენტო ქსელი მთელ მსოფლიოში. რებეს მთავარი გზავნილი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ებრაელი ხალხის პასუხისმგებლობა თითოეულ ებრაელზე. სწორედ ამისთვის ააშენა რებემ ხაბადის იმპერია და დააგზავნა თავისი ემისრები ისეთ ადგილებშიც, სადაც თითზე ჩამოსათვლელი ებრაელი ცხოვრობს.
რა არის ხაბადის სახლი (Chabad House)?
ხაბადის სახლი (Chabad House) არის ებრაული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ორგანიზებულია შალიახის — რებეს ემისრის მიერ. ხშირად, ბეით ხაბადი საუკეთესო ადგილია შალიახისა და მისი კოლეგების საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების განსახორციელებლად. ხაბადის სახლი არის ებრაული თემის ცენტრი და მყუდრო ნავსაყუდელი. აქ ნებისმიერ ებრაელს დაეხმარებიან ყველა საკითხში, რაც ებრაულ განათლებასა და იუდაიზმის პრაქტიკას უკავშირდება. ხაბადის სახლში ტარდება თორის გაკვეთილები, აღინიშნება დღესასწაულები, სრულდება რელიგიური რიტუალები. ბეით ხაბადი არის სითბოთი და სიყვარულით სავსე ადგილი, სადაც ზრუნავენ ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ებრაელი ტურისტების კომფორტისთვის.